ახალი ამბები

ენმ-ს ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

26 ოქტომბერი, 2024 •
ენმ-ს ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ.

ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან ათობით ადამიანი მივიდა, რომლებსაც პირბადეები ეკეთათ და სახეები დამალული ჰქონდათ.

როგორც ვიდეომასალებში ჩანს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში საგანგებო ბრიფინგიც გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ არჩევნებში ოპოზიცია იგებს და ოფისზე თავდასხმა ამის მეტყველებს.

“მოცვივდნენ ენმ-ს ოფისთან ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე, ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. ამ არჩევნებში ოპოზიცია ძალიან დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, მაგრამ თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გავფლანგოთ არცერთი ხმა. რაც ვნახეთ აქ, ენმ-ს ოფისთან, არ გვაშინებს არავის, პირიქით, ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ. შეიძლება 1 ან 2 უბანი გააუქმოთ მარნეულში თუ სადმე სხვაგან, მაგრამ ვერ გააუქმებთ იმ დიდ ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ სულ რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. უბნები ზუსტად ორ საათში დაიხურება და იმისთვის, რომ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, მიხვიდეთ და გააკეთოთ ევროპული არჩევანი”, – ამბობს თინათინ ბოკუჩავა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი თითოეული ამომრჩევლის ხმას დაიცავენ.

“ბიძინას მინდა მივმართო – შეეგუე მარცხს. ოფისში გვივარდებით? ეს დაგრჩათ მარტო? იმის პასუხი, რასაც ესენი ჩადიან, უნდა იყოს მეტი აქტივობა, მეტი ხმა. ამ უბედურ ძალას, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი. ვპირდებით ყველა ამომრჩეველს, რომ თითოეულ ხმას დავიცავთ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ნეტგაზეთი მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი