სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] 14 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მათი მონიტორინგის შედეგების შესახებ საუბრობს.

„შეიმჩნევა პრობლემური ინციდენტების და დარღვევების სიმრავლე. უბნების 9,1%-ში დაფიქსირდა ინციდენტები, მათ შორის ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ძალადობა, ელექტრონული აპარატების ხარვეზები და ამომრჩევლის მობილიზება“, – თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.

მისი თქმით:

  • მარნეულის 69-ე უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრა [უბანი ამ მომენტისთვის დაიხურა];
  • ამბროლაურის 18-ე უბანზე კომისიის წევრმა ორჯერ მისცა ხმა.

ISFED ასევე იუწყება სხვა დარღვევებზე, მაგალითად:

  • კასპის 1-ელ უბანზე საარჩევნო უბანთან აგიტაცია დაფიქსირდა და როცა დამვკვირვებელი შეეცადა ეს გადაეღო, მას ხელით შეეხნენ;
  • ამბროლაურის 18-ე უბანზე კომისიის წევრმა მობილური წაართვა დამკვირვებელს, რომელიც ინციდენტის დაფიქსირებას ცდილობდა;
  • ისნის მე-3 და 26-ე უბებზე საარჩევნო უბნის მოწყობა არ იძლევა საშუალებას ვერიფიკაციაზე კარგად დაკვირვებისთვის;

ასევე, ორგანიზაცია საუბრობს მარკირების წესის დარღვევაზე [ასპინძის 23-ე უბანი], ორი ან მეტი ბიულეტენის გაცემაზე [თუმცა, მითითების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა], ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზებაზე და კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე.