პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიმართვას აქვეყნებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, არჩევნებზე აუცილებლად წავიდნენ.
ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აქტიურ ამომრჩევლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმის მიცემისთვის არავინ დაისჯება, ხოლო რევანში არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ იქნება.
„მადლობა ყველას, ვინც რიგში დგას, რათა ჩავიდეს რეგიონში და იქ მისცეს ხმა. რაც არ უნდა სირთულეები იყოს, ტრანსპორტი არ იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზა – მაინც მიდიხართ და იქიდან მისცემთ ხმას საქართველოს.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან, რათა მიიღონ უფლება, რომ მათი ხმა ისმოდეს. მათი ხმა გაისმება ხვალ.
მინდა მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან და ხვალაც იქნებიან ყველაზე უბანზე და პირველად ცხოვრებაში მისცემენ ხმას თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, სურვილის და ნების მიხედვით. ვერავინ ვერაფერს დაგაძალებთ. ვერავინ ვერ ნახავს, ვის მიეცით ხმა. ხვალ ვერავინ ამის გამო ვერ დაგსჯით. არანაირი რევანში არ იქნება არც ერთი მხრიდან. ეს არის ჩემი დაპირება, როგორც პრეზიდენტის. მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ. საჭიროა, ამ ქვეყნის მომავალი გადაწყდეს თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში. თქვენი გადასაწყვეტია, ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
