საქართველოში დაპატიმრებული, აზერბაიჯანში ძებნილი ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

სევინჩ სადიგოვას განცხადებით, იგი ესაუბრა მისი ქმრის ექიმსა და ფსიქოლოგს, რომელთა თქმით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რასაც მისი ანალიზების პასუხებიც მოწმობს.

“მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ აფგანი კვდება. დღეს შევხვდი აფგანს შუშის მიღმა. ის ეტლით მოიყვანეს. შემდეგ შემოვიდნენ ექიმი და ფსიქოლოგი, მთხოვეს, აფგანისთვის მერჩია, მინერალები და ვიტამინები მიიღოს. მათივე თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა. სერიოზული პრობლება აქვს თირკმელებზე, სისხლში შაქრის დონე უკიდურესად დაბალია და ნებისმიერ დროს შეიძლება ის კომაში ჩავარდეს”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა.

მისივე თქმით, აფგან სადიგოვი შიმშილობას გააგრძელებს, ვინაიდან სისტემასთან ბრძოლის სხვა მექანიზმები მას არ გააჩნია.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით,  თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი “უკანონო, თვითნებური და დაუსაბუთებელია.

“სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარი უკანონო და თვითნებურია” – SJC