“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი “უკანონო, თვითნებური და დაუსაბუთებელია.
“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, აფგან სადიგოვის სახელით, სასამართლოში ვასაჩივრებთ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მოუწოდებს, ჟურნალისტს მიანიჭოს საერთაშორისო დაცვა და ამგვარად შეაკავოს აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია და პოლიტიკური დევნის, წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რეალური და აშკარა რისკები.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უკვე 26 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. რისკების წინაშე დგას მისი ოჯახიც, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მარტონი თბილისში ცხოვრობენ და რეგულარულად იღებენ მუქარის უმძიმეს გზავნილებს” ,- წერია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზი გაესვა სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აღნიშნულია, რომ 21 სექტემბრიდან, როდესაც მან შიმშილობა დაიწყო, ვითარება გაუარესდა.
“შიმშილობის მე-18 დღეს ის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც ჟურნალისტი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას უჭირს გადაადგილება და საუბარი. ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს აფგან სადიგოვი 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მაშინ ჟურნალისტმა წონაში მკვეთრად დაიკლო და 95 კილოდან 40 კილომდე შეუმცირდა წონა. ის გადაადგილებოდა ეტლით და განუვითარდა მძიმე დაავადებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში “წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდება, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი, როგორც ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმა და აზერბაიჯანში ექსტრადირება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან”.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს აფგან სადიგოვის მიმართ პოლიტიკური დევნისა და წამების ან არაადამიანური მოპყრობის ის რისკები, რომლებიც მას აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება და მიანიჭოს მას საერთაშორისო დაცვა, რაც საბოლოოდ, აზერბაიჯანში მისი ექსტრადიციის პროცესს შეაჩერებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციამ მოწოდებით მიმართა საქართველოს პროკურატურას, არ დაუშვას სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, რადგან ეს დაარღვევს კონვენციითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ აბსოლუტურ ვალდებულებებს:
“მხარი დაუჭიროს აფგან სადიგოვისთვის საექსტრადიციო პატიმრობის ზომის ცვლილებას და მის გათავისუფლებას, რაც მათ შორის მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს;
უზრუნველყოს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი შეხვდეს აფგან სადიგოვის მეუღლესა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებს და პირადად მიიღოს მათგან ინფორმაცია სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აზერბაიჯანში განცდილი დევნის შესახებ”, – ვკითხულობთ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს,.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლებას 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.
