ახალი ამბები

„ყველაფერი თავის დროზე იქნება“ — კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ჩაუსვლელობაზე

15 ოქტომბერი, 2024 •
„ყველაფერი თავის დროზე იქნება“ — კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ჩაუსვლელობაზე

„ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება“, — ასე უპასუხა ზუგდიდში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რატომ არ მიდის რამდენიმე კილომეტრში მდებარე ენგურის ხიდთან და რატომ არ აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება.

კობახიძეს ასევე თქვა, რომ ძალაშია ბიძინა ივანიშვილის გზავნილი ბოდიშის მოხდაზე.

„ბოდიშის თემას რაც შეეხება, ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გზა გადის ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე. შესაბამისად, ძალაშია ის გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა“, — განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის ფაქტორზე კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა გაიმეორა: „ე.წ ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ჩვენ თუ გვსურს მშვიდობიანი გზით ტერიტორიების აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგების და და ურთიერთპატიების გარეშე“.

ირაკლი კობახიძეს, რომელიც 2016 წლიდან იყო პარლამენტის წევრი და იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს მმართველ პარტიასა და პარლამენტში, ნათქვამი აქვს, რომ არასდროს ჩასულა საოკუპაციო ხაზთან. მიმდინარე წლის თებერვალში, პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ „ახალი სტატუსიდან გამომდინარე“ აუცილებლად მოუწევდა საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა და ადგილზე ვითარების გაცნობა, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი