თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა.
ასე გამოეხმაურა კალაძე გერმანელი მინისტრის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს.
„დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და „ზირო“, ნულის ფასი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, – განაცხადა კალაძემ.
ანდრიუს კუბილიუსი ლიეტუველი პოლიტიკოსია, რომელიც ევროპარლამენტარი იყო და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულობით გამოირჩეოდა. ახლა კი ანდრიუს კუბილიუსი ევროკომისარი ხდება.
დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი.
გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის.








