„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასა და მათთან ერთად კონფედერაციაზე დათანხმებას არ აპირებს.
მდინარაძის თქმით, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით „ანტიეროვნული ჭორები“ ვრცელდება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფერედაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებს.
„ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:
1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება!
2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!
3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით!“ – წერს მდინარაძე Facebook-ზე.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი.
„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება“, – ნათქვამია პარტ„ქართული ოცნების“ 20 აგვისტოს განცხადებაში.
