შსს-მ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა ბრძანება, რომელიც მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს არის ხელმოწერილი და საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების“ უზრუნველყოფას შეეხება.
ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენაზე, პრევენციაზე და რომელშიც სპეცრაზმის ხელმძღვანელის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იმავე „ხარებას“ მიერ გამოყოფილი წარმომადგენლები შევლენ.
„შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბრძანების თანახმად, არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა, „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის” პასუხისმგებელი ჯგუფები იქმნება:
- აჭარის;
- ქვემო ქართლის;
- შიდა ქართლის;
- მცხეთა-მთიანეთის;
- კახეთის;
- სამცხე-ჯავახეთის;
- იმერეთის;
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის;
- გურიის;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის;
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე.
დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი”. საუბარია სპეცრაზმის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, მეტსახელად „ხარებას“ მიერ გამოყოფილ წარმომადგენლებზე.
„ხარება“ იმყოფებოდა 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი დარბევა სპეცრაზმმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „ხარებას“ სახელის სკანდირება და მისი მისამართით გინება დაიწყეს.
თუმცა „ხარებას“ სახელი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უკავშირდება. როგორც შს მინისტრი ვახტან გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კი „ხარება“ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) სპეცრაზმში იყო. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
ამავე თემაზე: