საზოგადოება

აშშ-მა სპეცრაზმის უფროს ზვიად ხარაზიშვილს სავიზო სანქცია დაუწესა

25 ივნისი, 2024 •
აშშ-მა სპეცრაზმის უფროს ზვიად ხარაზიშვილს სავიზო სანქცია დაუწესა

ტვ „პირველის“ ინფორმაციით, აშშ-ის სავიზო სანქციები შეეხო სპეცრაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“, ასევე- მის ოჯახს.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მას აშშ-ის მოქმედი ვიზა ჰქონდა და მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო.

გარდა ამისა, ტვ „პირველი“ აშშ-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს იმასაც, რომ სანქცირებულია „რუსული კანონის“ კიდევ ერთი მხარდამჭერი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ვიზა არ აქვს, თუმცა მას ვეღარ აიღებს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ასევე სანქცირებულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.

სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარმა არხმაც”.  მათი ცნობით, სანქცირებულთა სიაშია დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.


24 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“.

6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.

მილერის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, აშშ საჯაროდ არ დაასახელებს მათ ვინაობას, ვისაც ეს შეზღუდვები შეეხება, თუმცა, თუ ისინი ამერიკაში წასვლას გადაწყვეტენ, ამის შესახებ აღმოაჩენენ, როდესაც ვიზას მოითხოვენ, ხოლო ისინი, ვისაც უკვე აქვთ ვიზა, მიიღებენ შეტყობინებას მისი ანულირების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი