ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანული ფონდების მხარდაჭერით, შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ .
პლატფორმის პრეზენტაციას დღეს დაესწრნენ ევროკავშირის, აშშ-ის და გერმანიის ელჩები, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ დიპირო.
„საარჩევნო კომპასი“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას მასთან ყველაზე ახლოს. აპლიკაცია მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას“, — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ამომრჩევლები გამოიყენებენ ამ ხელსაწყოს და კარგად დააკვირდებიან, ვის აძლევენ ხმას.
„ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკურ კანდიდატებზე, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველია. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რას წარმოადგენენ პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას და რა პოლიტიკას აძლევენ ხმას. ეს არის მიზეზი იმისა, რატომ ვთანამშრომლობთ ამ პროექტზე გერმანიასთან და ევროკავშირთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავიდნენ [არჩევნებზე], ხმა მისცენ და იცოდნენ, რომ მათი ხმა საიდუმლოა და არჩევნები სამართლიანია“, — განაცხადა დანიგანმა.
„საარჩევნო კომპასის“ პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის „თავისუფლებისთვის“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, ხოლო მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია Kieskompas.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე geocompass.ge.