პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.
ირაკლი კობახიძის თქმით, წულაძე განათლებით იურისტია, სამართლის დოქტორი. პრემიერის თქმით, ის საქმიანობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უნივერსიტეტებში, იყო წარმატებული ადვოკატი კერძო სექტორში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ხოლო ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
„ბატონი ალექსანდრე არის კვალიფიციური, ერუდირებული, გამოცდილი ადამიანი. პირადად მე და მთლიანად გუნდმა მივიჩნიეთ, რომ ის იქნებოდა წარმატებული მინისტრი“, — განაცხადა კობახიძემ.
განათლების მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
ალექსანდრე წულაძე 2011-2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მრჩევლად, შემდეგ, 2014 წლამდე, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2015 წლებში კი, ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2015-2017 წლებში კანდიდატი მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. 2017 წლიდან იყო იურიდიული კომპანია „CCL Law Firm“-ის მმართველი პარტნიორი.
2019 წელს ალექსანდრე წულაძე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
2023 წლის დეკემბერში ალექსანდრე წულაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და მოსამართლის მანტია გაიხადა.