ახალი ამბები

კლუბების თანამშრომლები სტუმრებს ფულს სძალავდნენ, დაკავებულია 15 პირი – შსს

2 ოქტომბერი, 2024 •
კლუბების თანამშრომლები სტუმრებს ფულს სძალავდნენ, დაკავებულია 15 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 პირი დააკავა თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით.

უწყების ინფორმაციით, ისინი კლუბის თანამშრომლები იყვნენ და დაწესებულების სტუმრებს მომსახურებაზე შეუსაბამოდ მეტი თანხის გადახდას აიძულებდნენ.

“თბილისში რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. ხოლო, თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს შორის არიან როგორც კაცები, ისე ქალები. მათგან ყველაზე უფროსი 50 წლისაა, ყველაზე პატარა კი – 22-ის. მათ დაკავებამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები შეიცავდა, მათ შორის, ფარულ ვიდეოგადაღებას, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. დაკავების შემდეგ პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის, და 181-ე, გამოძალვის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი