ახალი ამბები

TI-სა და სხვა NGO-ებს უნდა მიეცეთ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება დაბრკოლებების გარეშე – PACE

1 ოქტომბერი, 2024 •
TI-სა და სხვა NGO-ებს უნდა მიეცეთ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება დაბრკოლებების გარეშე – PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ვეღარ დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი და თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტე ესტერლა, მოუწოდებენ უწყებებს, უზრუნველყონ სამოქალაქო ორგანიზაციების დაუბრკოლებელი მუშაობა არჩევნებზე.

“ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იძულებულია დახუროს სადამკვირვებლო მისია ანტიკორუფციული ბიუროს აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილების გამო – გამოაცხადოს ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიეტქებად […]

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაიცვან საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობა და მიიღონ ყველა ზომა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ისევე როგორც სხვა პატივსაცემ სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიეცეთ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, დაბრკოლებისა და მათ საქმიანობაში ჩარევის გარეშე”, – ვკითხულობთ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს “აბსოლუტურად მიუღებელმა გადაწყვეტილებამ” დაადასტურა მათი ვარაუდი, რომელიც ბოლო რეზოლუციაში გამოთქვეს – “სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა, ვეღარ დააკვირდნენ არჩევნებს”.

“ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესების დემოკრატიულიბისადმი”, – აცხადებენ PACE-ში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა საქართველოში, 30 სექტემბერს განაცხადა, რომ არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდებიან. ამის მიზეზი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომელმაც TI და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ბიუროს დასაბუთება მეტწილად სწორედ “ჩემი ხმა ევროკავშირს” კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ეკა გიგაურის მასში მონაწილეობას ეფუძნება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი