მეოთხე დღეა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე.
„ნეტგაზეთმა“ საგარეო უწყებას კომენტარისთვის 30 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. სამინისტრო არც საკუთარი ინიციატივით გამოხმაურებია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
სერგეი ლავროვმა 28 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა მზაობა, თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, როგორც „მეზობლებთან“ ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით.
„მათ თქვეს, რომ სურთ ისტორიული შერიგება. და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები იქ მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზაცია, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებები… დახმარებისთვის მზად ვიქნებით“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გახმიანებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს უშუამავლოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ეს პოზიცია თანმიმდევრულია და წინააღმდეგობაში მოდის ქართული დიპლომატიის უმთავრეს მიზანთან, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება წარმოადგენს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლავროვის განცხადება „პოზიტიურად“ და „რიტორიკის ცვლილებად“ შეაფასეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, რა თქმა უნდა, პოზიტიურია“, — თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა თქვა, რომ „რუსეთის გარეშე ტერიტორიების დაბრუნება ცოტა წარმოუდგენელია“ და „რიტორიკის ცვლილება პოზიტიური სიგნალია“.
კალაძემაც და მაჭავარიანმაც დაასახელეს, რა ნაბიჯების ხილვა სურთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან — ესაა ჯარების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მოსკოვმა უპასუხა, რომ ჯარების გაყვანას არ განიხილავს. რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა „ქართულ ოცნებას“ განუმარტა, რომ სერგეი ლავროვის სიტყვები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების ინტერესს არ გამოხატავდა და საუბარი შეეხებოდა ახალი რეალობის მიღებასა და „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების“ დამყარებას.
რაც შეეხება ლავროვის მიერ ნახსენებ თავდაუსხმელობის შეთანხმებას, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, მოსკოვი ისწრაფვის, რომ საქართველოს გააფორმებინოს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც კონფლიქტის მხარეებთან. წლებია ამას ითხოვენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველები. თბილისის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანაა, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამაც. ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი, ზეპირსიტყვიერი ვალდებულება საქართველომ ჯერ კიდევ 2010 წელს აიღო, როდესაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა: „საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“. ეს ვალდებულება 2013 წელს პარლამენტის რეზოლუციით დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც.
მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში
