პარტია „ფედერალისტები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ბოკერია ამბობს, ეს არ იყო არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩენის ერთადერთი და მთავარი მიზეზი.
„ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი საარჩევნოდ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისგან, რომ მათთან ერთად და მათი სახელით მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც ევროპულ საქართველოში მოხდა და იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც ხმების გაფლანგვასთან დაკავშირებით გვესმის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და მედიის უმრავლესობისგან, სხვა სუბიექტის სახელით არჩევნებში ორი თვით ადრე ჩართვა მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა“, – აცხადებს ბოკერია.
თუმცა, ბოკერიას განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, მიუხედავად იმისა, რომ „დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა“.
ბოკერია იძლევა რეკომენდაციას, რა კრიტერიუმებით მისცენ ხმა ამომრჩევლებმა:
1. ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ.
2. ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.
3. და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება.
ამასთან, ჩვენი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.
„ამასთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ერთობლივი ანტიქართული, ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის გაგრძელება რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ“, – აცხადებს ბოკერია.