საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 37 400-ს აღწევს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამათგან 81%, 30 000-ზე მეტი კომპანია, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პუბლიკაციაშია ნათქვამი.
რუსული კომპანიები საქართველოში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს მოიცავს, მათ შორის ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, მრეწველობის სფეროებს, სათამაშო ბიზნესს და სხვა. თუმცა ყველაზე მეტი კომპანია IT მიმართულებით საქმიანობს. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კომპანიებს უმეტესად ფიქციური მისამართის მითითებით არეგისტრირებენ. ერთი და იგივე მისამართზე ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული.
რუსულ კომპანიებს შორის არიან ისეთი მსხვილი და საშუალო კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი აქვთ მიღებული. მაგალითად, შპს ვივამედი, რომელსაც სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვის გზით 25.5 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 18 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული სამშენებლო კომპანია “პასაჟი-საქართველოს”, რომელიც რუსულ შპს პასაჟს ეკუთვნის და რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი მიიღო და სხვა.
„ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც“, — ნათქვამია IDF-ის კვლევაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რაც 2024 წლის პირველ ივნისამდე პერიოდს მოიცავს, 37 400-მდე რუსული კომპანიიდან აქტიური სტატუსი 21 000-მდე კომპანიას აქვს, რაც ჯამში საქართველოში მოქმედი აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8.1%-ია.
„რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.“, — ნათქვამია IDFI-ს კვლევაში.
საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებში მოიაზრება ის კომპანიებიც, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული. მათ შორისაა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბერა ივანიშვილის მიერ დაარსებული შპს „ქართული ოცნება“, რომელიც ხმის ჩაწერისა და მუსიკალური ჩანაწერების გამოცემის მიმართულებით მუშაობს. ამავე კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული შპს „კ და ქართული სპირტი“, რომლის მფლობელი ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილია.
ასეთი კომპანიების რიცხვი 500-მდეა. თუმცა როგორც აღინიშნა, ოფიციალურ მონაცემებში მსგავსი კომპანიები სრულად არ არის ასახული.
„სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ კარიჭაშვილის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანია”-ს 50%-ის მფლობელი.
კარიჭაშვილი უკრაინამ სანქცირებულ პირთა სიაში 2023 წელს შეიყვანა. სანქცირება მასა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირების მოტივით მოხდა. უჩა მამაცაშვილი უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია, ვახტანგ კარიჭაშვილი კი მასთან ერთად (50%-50%) ფლობს შპს “მელიქიშვილი ინნს”. კომპანია თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10-სართულიან სასტუმროს აშენებს. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited-საც“, — წერს IDFI.