30-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს პრეზიდენტს, ომბუდსმენსა და პოლიტიკურ პარტიებს, წინააღმდეგობა გაუწიონ “ქართული ოცნების” დისკრიმინაციულ კანონპროექტს. საუბარია მმართველი პარტიის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის მოტივით შექმნილ კანონპროექტზე, რომელიც აკანონებს ცენზურას და აღვივებს ჰომოფობიას.
უფრო კონკრეტულად, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს, ომბუდსმენს – მის საჯარო კრიტიკასა და სასამართლოებში გასაჩივრებას, ხოლო სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს – “მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად”.
32 სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიზანი “წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა”.
“კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვანებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული გარემო და სხვა. ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა – სწორედ ის, რის შეფერხებასაც ხელისუფლება მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც ცდილობს.
კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან ის სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. პაკეტი თავისი არსით ეხება არა მხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
32. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
“ქართულმა ოცნება” ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინერესებს ამოფარებული ცდილობს მიიღოს ჰომოფობიური კანონპროექტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. კანონპროექტს საპარლამენტი უმავლესობამ მეორე მოსმენით 4 სექტემბერს დაუჭირა მხარი.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.