სახელოვნობო კომპანია “ღია სივრცე” არ რეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში და 26 ოქტომბრამდე აგრძელებს მუშაობას ფინანსების გარეშე.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად მულტიფუნქციურმა სახელოვნებო სივრცემ გაავრცელა.
“ღია სივრცე არის არასამთავრობო არაკომერციული იურიდიული პირი და მას პირდაპირი წესით ეხება “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
დაარსების დღიდან ჩვენი ყველა დამფუძნებელი, თანამშრომელი თუ თანამოაზრე ვმუშაობთ ქართული სახელოვნებო სცენის განვითარებისთვის. “ღია სივრცე” არასდროს გამდგარა პოლიტიკური პროცესებისგან და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ნამუშევრებით ღიად გამოვხატავდით კრიტიკულ პოზიციას მიმდინარე პროცესებზე და Ხშირად ჩვენივე კეთილდღეობის ფასად ვქმნიდით სივრცეს მნიშვნელოვან საკითხებზე კრიტიკული დისკუსიისთვის.
Საკუთარი ძალებით, თანამოაზრეების მხარდაჭერით და ენთუზიაზმით შევძელით, არასდროს წავსულიყავით კომპრომისზე და არასდროს ვყოფილიყავით ვინმეს ინტერესის გამტარი, გარდა იმ საზოგადოებისა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის თითოეული წევრის ხმა, სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განურჩევლად სქესის, ეროვნების, რელიგიური, სექსუალური თუ გენდერული კუთვნილების და ფიზიკური შესაძლებლობისა.
შესაბამისად, სტატუსი “უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და პრინციპულად მიუღებელია”, – წერია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.
“ღია სივრცე” აცხადებს, რომ “მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა, არ რეგისტრირდება და ამით რუსულ კანონს უარს უცხადებს”.
“გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მათ შორის, მორალური და ფინანსური პასუხისმგებლობების გამო.
ღია სივრცეს პირველი სექტემბრიდან აღარ გააჩნია ფინანსური რესურსი იმ პროცესის უწყვეტად გასაგრძელებლად, რომელიც მნიშნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც. Საფრთხის ქვეშაა ოთხწლიანი პროექტის ,,სამხრეთ კავკასიის დოკუმენტური თეატრის ქსელი” არსებობა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დოკუმენტური თეატრის განვითრებას აფინანსებს.
მოგვიწია, შეგვეჩერებინა სტუდენტური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა, დამწყებ არტისტებს შეეძლოთ არაფორმალური განათლების მიღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა ღია სივრცის ფინანსურ და ტექნიკურ ბაზაზე. გავაუქმეთ დაგეგმილი გამოფენები. მოგვიწია, შეგვეჩერებინა ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობდა სასტიპენდიო ფონდის შექმნას ქალი დრამატურგებისა და რეჟისორებისთვის. შევაჩერეთ ახალი სპექტაკლის სადადგმო პროცესი, რომლის პრემიერაც ამ შემოდგომის სეზონზე უნდა გამართულიყო”.
კომპანია ამ ყველაფრის მიუხედავად საქმიანობას აგრძელებს და მადლობას უხდის მსახიობებს და თანამშრომლებს, რომლებიც 26 ოქტომბრამდე უხელფასოდ იმუშავებენ:
“თავს ვალდებულად მივიჩნევთ, 26 ოქტომბრამდე განვაგრძოთ მუშაობა და ჩვენს მაყურებელთან ერთად შევინარჩუნოთ იმედი და მხნეობა.
მე-9 სეზონი გავხსენით იმ პროექტებით, რომლებიც გასული თვეების მანძილზე განხორციელდა.
დიდ მადლობას ვუხდით ღია სივრცის უკლებლივ ყველა თანამშორომელს და მოწვეულ მსახიობებს უპირობო მხარდაჭერისა და ერთად დგომისთვის. მადლობა მათ, რომ გამოთქვეს სურვილი, 26 ოქტომბრამდე უხელფასოდ იმუშავონ ჩვენთან და შეგხვდენენ თქვენ, მაყურებელს ღია სივრცეში.
ჩვენ უარი ვთქვით იმ სტაბილურობასა და შესაძლებელობებზე, რომლისთვისაც ვშრომობდით 8 წლის განმავლობაში და გვჯერა, რომ ეს უშედეგოდ არ ჩაივლის”.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თუ “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური კანონი, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ძალაში დარჩება, ღია სივრცე არსებობას ვერ გააგრძელებს.
“ გვინდა, მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთათვისაც მომდევნო ორი თვე ისეთივე რთული იქნება, როგორიც ჩვენთვის. მხარდაჭერას ვუცხადებთ მათაც, ვინც იძულებული გახდა რუსულ, ღირსების შემლახავ კანონს დამორჩილებოდა. ჩვენთვის ცხადია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების საკეთილდღეოდ და უწევთ კანონზე რეგისტრაცია, არიან ამ კანონის და უსამართლობის მსხვერპლები და არა მოღალატეები ან აგენტები.
ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უსამართლოდ დაკავებულ მოქალაქეებს.
გვჯერა, რომ ამ რთულ დროში მხოლოდ ერთად ყოფნით, ზრუნვით და პრინციპული წინააღმდეგობით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”, – ნათქვამია “ღია სივრცის” გავრცელებულ განცხადებაში.