15 სექტემბრის საღამოს სოხუმში უცნობი პირები თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით გობეჩიას და მოძრაობა Ҳара ҲПицунда-ს აქტივისტს, ლია აგრბას. დავით გობეჩია მიიჩნევს, რომ თავდასხმის უკან აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დგას, რომელიც უკმაყოფილოა “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლით.
“აქტივისტების წინააღმდეგ ოთხმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა გაზის ბალონები გამოიყენა და ისინი დააბრმავა. შემდეგ გობეჩია სცემეს და ეს ყველაფერი გადაიღეს, ხოლო ლია აგრბას ჩანთა წაართვეს. ტელეგრამ არხის Нужная Газета-ს ინფორმაციით, დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს”.
აფხაზეთის [დე ფაქტო] საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც განაცხადეს, რომ აღშფოთებული არიან დავით გობეჩიასა და ლია აგრბაზე თავდასხმის გამო
აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებას დამსწრე 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში სულ 35 დეპუტატია.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების შესახებ კანონის რატიფიცირებას ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდა.