ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული უჩა ჯოხაძე და ლაშა ხეთერელი თავისუფალნი არიან

13 სექტემბერი, 2024 •
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული უჩა ჯოხაძე და ლაშა ხეთერელი თავისუფალნი არიან

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე, უჩა ჯოხაძე და ლაშა ხეთერელი თავისუფალნი არიან. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს.

უწყების ცნობით, ხეთერელი წინა წლის 3 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. 10 სექტემბერს კი სოფელ წითელუბანთან დააკავეს უჩა ჯოხაძე.

„ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი