„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. ენმ-ის წევრები, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ გლდანში რამდენიმე დღის წინ დააკავა.

ნადირაძის თქმით, სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მათი დაკავება უკანონო იყო და მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პარტიის ლიდერები საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ესაუბრონ პრობლემებზე, ფასების ზრდაზე, უმუშევრობასა და ემიგრაციაზე.

„პროცესზე მოიყვანეს მხოლოდ ოთხი პოლიციელი, რომელთაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. გვითხრეს, რომ თურმე ატარებდნენ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის დროს ნაწილი ამბობდა, რომ კამერა არ მუშაობდა და გაფუჭებული იყო, ნაწილი ამბობდა, რომ არ აწარმოებდნენ გადაღებას.

ამბობდნენ, რომ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს, მაგრამ დაადასტურეს, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანიდან აგვარჩიეს ჩვენ – გლდანის საარჩევნოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძე და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ნადირაძე.

ეს არის ერთი დიდი მასკარადი და მოსამართლე გავიდა შესვენებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მორიგი ინსტრუქცია მიიღოს “ქართული ოცნებისგან”, თუ რა სასჯელი უნდა მოგვცეს დღევანდელ სხდომაზე“, — აცხადებს ნადირაძე.

მისი თქმით, სასამართლოზე არცერთი ნეიტრალური მოწმე არ გამოუკითხავთ და არც კამერის ჩანაწერები გამოუკვლევიათ:

„იყვნენ დაკავებულები ცრუ ჩვენებების მიცემით თითქოს და იქ მოწმობა მაჩვენეს, რომ პოლიციელები იყვნენ, თუმცა ფორმა არავის ეცვა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს ირაკლი ეძგვერაძის და ჩემ წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ