მცირე და საშუალო ბიზნესების, მეწარმე ქალებისა და მწვანე პროექტების მხარდასაჭერად გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტმა (DEG) ტერაბანკს 20 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო.
აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო ამყარებს ტერაბანკის მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას და ეკონომიკური წინსვლის გრძელვადიან ხედვას, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის გზით.
აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რესურსი უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას, აუმჯობესებს ქალი მეწარმეებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს მწვანე ინვესტიციებს და სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყნის მასშტაბით.
ხელშეკრულების ფარგლებში, სესხის მინიმუმ 50% გამოიყოფა ორ ძირითად მიმართულებაზე:
- პროექტებზე, რომლებიც აკმაყოფილებს მწვანე სესხის კრიტერიუმებს;
- ბიზნესებზე, რომლებსაც ფლობენ ან ხელმძღვანელობენ ქალები, ისევე როგორც სხვა ქალებზე ორიენტირებულ ინიციატივებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ გენდერული ნიშნით დაფინანსების ხელშეწყობის საერთაშორისო სტანდარტს.
“ტერაბანკი მრავალი წელია მუშაობს ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის და ჩვენი თანამშრომლობა DEG-თან საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ეს მისია.ერთის მხრივ, ამ პარტნიორობით ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს მეწარმე ქალებისთვის, არამედ მხარს ვუჭერთ მდგრად ბიზნეს პრაქტიკებს. მეორეს მხრივ კი, ვეხმარებით მწვანე ინიციატივებს. მწვანე დაფინანსება არ არის მხოლოდ ტენდენცია – ეს არის აუცილებლობა.”, – განაცხადა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.
მწვანე პროექტებისა და ქალების ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესებისთვის დაფინანსების ინიციატივა თანხვედრაშია ბიზნესში გენდერული თანასწორობისა და ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ინვესტიციების ხელშეწყობის საერთაშორისო მიდგომასთან. თანამშრომლობა პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიცაა გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა და კლიმატის მოქმედება.
გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტი (DEG) 60 წელზე მეტია სანდო პარტნიორია კერძო და საფინანსო სექტორის. DEG მხარს უჭერს ბიზნესებს, რომლებიც ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს, ხელს უწყობენ მწვანე ინიციატივებსა და მდგრად განვითარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ტერაბანკის საკრედიტო პროგრამების შესახებ ეწვიეთ ბანკის ვებსაიტს: www.terabank.ge.