ახალი ამბები

შუქრუთის მცხოვრებლები პარლამენტთან აქციას მართავენ

11 სექტემბერი, 2024 •
შუქრუთის მცხოვრებლები პარლამენტთან აქციას მართავენ

დღეს, 11 სექტემბერს, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დახმარებას ელიან.

„ვაპროტესტებთ ჯორჯიან მანგანეზის უკანონო საქმიანობას შუქრუთში. არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა ცენტრალური ხელისუფლებისგან. შესაბამისად, უყურადღებობის გამო გადმოვინაცვლეთ პარლამენტთან და ვითხოვთ, ხელისუფლება იყოს მედიატორი კომპანიასა და მოსახლეობას შორის“, – აცხადებს ერთ-ერთი მომიტინგე, ჯანო ლაბაძე. იგი აღნიშნავს, რომ პროტესტი გაგრძელდება.

„ჩვენ თუ საცხოვრებელ გარემოს გვინადგურებენ და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არავინაა დაზღვეული, რომ ხვალ და ზეგ მათ კონსტიტუციურ უფლებებს არ დაარღვევენ“, – ხაზს უსვამს ლაბაძე.

„გვინდა მხარდაჭერა ზემდგომი ორგანოებისგან, რომლებიც ჩვენს გასაჭირს გულთან მიიტანენ. ჩვენ მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვთ, განსაკუთრებულს არაფერს“, – ამბობს თინათინ კუპატაძე, აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელი აქვთ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი