ახალი ამბები

აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდა 2000 ლარითაც დააჯარიმეს

10 სექტემბერი, 2024 •
აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდა 2000 ლარითაც დააჯარიმეს

საბა მეფარიშვილი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დროს პარლამენტთან დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული, ადმინისტრაციული წესით, 2000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 10 სექტემბერს მიიღო.

ამის შესახებ ნეტგაზეთს DRI-ს იურისტმა თათია კონიაშვილმა განუცხადა, რომელიც სასამართლოში საბა მეფარიშვილის უფლებებს იცავს.

როგორც იურისტი ამბობს, საბა მეფარიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თუმცა, ადვოკატის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული საბა მეფარიშვილი დღენახევარში გაათავისუფლეს, 16 მაისს  ხელმეორედ დააკავეს და ჯებირის დაზიანებაზე სისხლის სამართლის წესით ბრალი წარუდგინეს.

„თუმცა დროის იმავე ინტერვალზეა საუბარი და [ბრალდების მხარე] ამბობს, რომ ვითომ საბა ცდილობდა პოლიციის კორდონი გაერღვია და არ დაემორჩილა სამართალდამცავებს. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო სასამართლო. ეს მოწმეები იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ. ასევე იყო ვითომ ვიდეომტკიცებულება წარმოდგენილი, მაგრამ ეს იყო 3-4-წამიანი, სადაც ჩანდა, რომ მხოლოდ აკავებდნენ და მეტი არაფერი.

თან შსს-ს წარმომადგენელი საერთოდ სხვა რაღაცას ამბობდა – ვითომ დროებითი კონსტრუქციის წინ იდგნენ პოლიციელები და ამ კორდონს არღვევდა საბა,  თან ამბობდნენ, რომ ჯებირსაც აზიანებდა. გამოდის, რომ კორდონის უკან იდგა საბა, აზიანებდა ჯებირს და პოლიცია მის წინ იდგა, რაც აბსურდია.

სინამდვილეში სამართალდამცავები საერთოდ არ იყვნენ იქ, როცა დაზიანდა ეს დროებითი კონსტრუქცია. გამოვიდნენ იქიდან სამართალდამცავები და დააკავეს საბა ადმინისტრაციული წესით, თუმცა, შემდეგ სისხლის კვალიფიკაციით“, – აცხადებს თათია კონიაშვილი ნეტგაზეთთან.


რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ 23 წლის საბა მეფარიშვილს და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პარლამენტის შენობასთან განთავსებული დროებითი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედავებიან. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალის დადგენილების მიხედვით, ჯებირის ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენს, ხელობა კი 150 ლარი ღირს.

როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი