ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები პარტიის 60%-იან რეიტინგის შეასახებ ტყუილია.
გახარიას თქმით, “ოცნებას” რომ მართლა ამხელა რეიტინგი ჰქონდეს, მმართველი პარტია სულ სხვანაირად ჩაატარებდა საარჩევნო კამპანიას.
„პარტიას, რომელსაც აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ყოველთვის არჩევს, რომ ჩუმად იყოს. იქნებ, იქამდე მივიდეს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მათ 60% აქვთ“, – თქვა მან გადაცემაში „გახარიას კვირა“.
ყოფილი პრემიერის თქმითვე, „ოცნება“ ვერანაირად ვერ შეძლებს გააუმჯობესოს წინა არჩევნებზე თავისი შედეგები, რაც აუცილებელია ხმათა 60%-ის მიღებისთვის.
„2020 წელს, მაშინ გახსოვთ, მე ვიყავი “ოცნების” პირველი ნომერი. იყო კოვიდი, მეც გამიკვირდა, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მოვიდა [არჩევნებზე], 2 მილიონს აკლდა ცოტა. მაშინ “ოცნებამ” აიღო 900 000 ხმა, 1 900 000-დან. 2021 წელს მუნიციპალურ არჩევნებზე მოვიდა 1 800 000. მაშინ ოცნებამ აიღო 800 000 ხმა.
იმდენად მნიშვნელოვან არჩევნებს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, 2 მილიონი ადამიანი, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მოვა. 60% რომ მიიღოს ოცნებამ, უნდა დაიმატოს 400 000 ხმა.
მაქვს კითხვა: თქვენს სანაცნობო წრეში თუ არსებობს ადამიანი, რომელიც 2020 წლამდე “ოცნებას” ხმას არ აძლევდა და ახლა გადაწყვეტს, მათ მისცეს ხმა? მე ვიცი უამრავი ადამიანი, რომელიც აძლევდა “ოცნებას” ხმას, სჯეროდა მათი, და დღეს, 4 წლის შემდეგ, არც ერთ შემთხვევაში “ოცნებას” ხმას არ მისცემს. “ოცნება” რასაც იტყუება, ნიშნავს, რომ ბოლო არჩევნებიდან 400 000 ახალი ხმა უნდა მიიღონ. ეს არის ოცნება! არათუ დაიმატებენ, 200 000-250 000 ხმას დაკარგავენ“, – მიიჩნევს იგი.
გახარიას თქმითვე, „ოცნებას“ არ აქვს არჩევნების გაყალბების რესურსი, თუმცა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია პირველ ადგილს დაიკავებს, „მაგრამ ვერ ექნებათ 27-28%-ზე მეტი“. მისივე განცხადებით, დამარცხების შემთხვევაშიც მმართველი პარტია „არ გაქრება“.
„ოცნების“ ლიდერები ბოლო პერიოდში ამბობენ, რომ არჩევნებზე სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და აცხადებენ, რომ კვლევების თანახმად მათ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ. მსგავსი ციფრები მხოლოდ პროსამთავრობო არხის, „იმედის“ შეკვეთილ კვლევებში გვხვდება.