კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრების თქმით, ქარელში, საარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მაისური შემოახია კოალიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ წევრს, გარდა ამისა, აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მასთან ერთად იყო ქალი, რომელიც მათ ეუბნებოდა, რომ ტერიტორია მისი საკუთრებაა და იქ საარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება არ ჰქონდათ. კოალიცია ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას ინფორმაციით, ეს ქალი, სავარაუდოდ, ქარელის მერიის მაღალჩინოსნის ცოლია.
გალდავასვე თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო პოლიციის ერთი ეკიპაჟი, თუმცა მას რეაგირება არ ჰქონია. ეკიპაჟის ერთი წევრი, მოწოდების მიუხედავად, საერთოდ არ გადმოსულა მანქანიდან. მეორე კი თავდამსხმელთან ერთად იქვე არსებულ მაღაზიაში შევიდა და სავარაუდოდ, მეორე გასასვლელიდან გავიდნენ. სწორედ ამიტომ, “ძლიერი საქართველოს” წევრებმა პოლიციის სხვა ეკიპაჟი გამოიძახეს.
“გამოიწია ყველასკენ, ვინც ვიდექით აქ. რომ ვერ მიიღო საპასუხოდ ვერაფერი, პროვოკაციული ნაბიჯები, შემდეგ ისიც სადღაც წაიყვანეს და გააპარეს. თუმცა, სამჯერ უკან მობრუნების, ჩხუბის, შეურაცხყოფის მოყენების, შეგინების მცდელობები ჰქონდა. ასევე, სხვა მათ წარმომადგენლებს”, – ამბობს ლანა გალდავა და
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ჩააყენებენ საქმის კურსში.
“ყველა მსგავს საქმეს შეიტყობს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა არის განსაკუთრებულად მძიმე ტიპის დანაშაული ამ ფაზაში კალენდრულად. იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვართ საარჩევნო პერიოდში, გვაქვს სპეციალური სამართლებრივი სტატუსი და მდგომარეობა ამ მომენტში”, – ამბობს გეგელია.
ცნობილია, რომ “ძლიერი საქართველოს” წევრები ამ დროისთვის ქარელის პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებიან.