ახალი ამბები

ო’ბრაიენის თქმით, “ოცნება” “რუსეთს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას უადვილებს”

8 სექტემბერი, 2024 •
ო’ბრაიენის თქმით, “ოცნება” “რუსეთს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას უადვილებს”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო”ბრაიენი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” უადვილებს რუსეთს პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებას. ასე აფასებს ის მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკასა და ბრალდებებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, ო”ბრაიენმა ისაუბრა იმაზე, როგორ ემთხვევა ერთმანეთს ოკუპანტი ქვეყნისა და საქართველოს მმართველი პარტიის ნარატივები იმის შესახებ, თითქოს აშშ, სამოქალაქო ორგანიზციებისა და ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერით, ცდილობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას.

“ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ – მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს […]

მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი – ევროპასა და შეერთებულ შტატებში – საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს”, – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” უარყოფს რეალობას და ცდილობს დააჯეროს ქართველი ხალხი, თითქოს ყველაფერი რიგზეა.

“ისინი უარყოფენ [რეალობას], არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა. ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. “ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს”, – ამბობს ო”ბრაიენი.

მან, კიდევ ერთხელ, ისაუბრა რუსული კანონის უარყოფით გავლენაზეც. გარდა იმისა, რომ კანონი არადემოკრატიულია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს უკარგავს, ო”ბრაიენის შეფასებით, ის იმოქმედებს 26 ოქტომბრის არჩევნებზეც.

“არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს”, – აცხადებს ჯეიმს ო’ბრაიენი.

მან შეაფასა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასებით, ეს განზრახვა ცალსახად არადემოკრატიულია.

“ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა”, – ამბობს ო’ბრაიენი.

ის გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებსაც იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალების პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და მათ შორი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე თავდასხმას გეგმავენ. ო’ბრაიების თქმით, აშშ აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებზე და ნებისმიერ რისკის შემთხვევაში, ისინი მზად არიან მხარდასაჭერად. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აღნიშნა ისიც, რომ მსგავსი განცხადებები “უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება”.

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაცნოთ “ამერიკის ხმის” ვებ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი