ახალი ამბები

„ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან – ობრაიენი

24 ივნისი, 2024 •
„ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან – ობრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველო და ყველა პარტნიორია მიწვეულია ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ამავდროულად, ობრაიენი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან.

„ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას. ჩვენ შევეცადეთ მკაფიო ვყოფილიყავით, ისევე როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა დღეს“, — განაცხადა ობრაიენმა.

ის გულისხმობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიკეტება, თუ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ უკუსვლას გააგრძელებს.

ჯეიმს ობრაიენის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიცაა ძალადობა ოპოზიციის ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, უცხოელი აგენტების კანონის მიღება, ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინური კომპანიის შერჩევა, შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობასთან.

„ამიტომ ვთხოვთ მთავრობას, გადახედოს პოზიციებს. მარტივია. რადგან ჩვენ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, ასეთ მაგალითს მოვიყვან — საქართველოს უნდა, რომ მოვიდეს და ითამაშოს ჩვენს საფეხბურთო ლიგაში და მერე ამბობს, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, მოედანზე 15 ფეხბურთელი გვყავდესო. ჩვენ ვეუბნებით — არა. იმავე რაოდენობის ფეხბურთელები გეყოლებათ, რაც ყველა სხვას. ასეთი წესია ჩვენს კლუბში. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ. მას აქვს სუვერენული უფლება, გადაწყვიტოს კლუბში გაწევრიანება. ჩვენ უბრალოდ ცხადვყოფთ, რას ნიშნავს ეს“, — განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე აშშ დისკუსიას გააგრძელებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი