“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურა ზაბახიძე ამბობს, რომ სახლთან რამდენიმე ადამიანი დახვდა და მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრა. შემთხვევა გუშინ, 7 სექტემბერს მოხდა.
ზაბახიძე მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს.
“გუშინ ჩემ სახლთან, ქუჩაში დამხვდა ორი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, “ოცნების” “ტიტუშკები”. ბიჭები იყვნენ დაახლოებით, 30-35 წლის ასაკის, არ ერიდებოდნენ სახის გამოჩენას, ვფიქრობ, ამოცნობასაც შევძლებ. მათ მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ ჩამოვშორებოდი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა.
“რუსული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიმართავს აგრესიული ფორმით, რათა ადამიანები დააშინონ და დააშანტაჟონ. მე მინდა მივმართო “რუსულ ოცნებას” ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ერთად, ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს”, – აცხადებს ზურა ზაბახიძე.
რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს, მისი საწინააღმდეგო პროტესტის ფონზე, სახლთან დახვდნენ, დაემუქრნენ და თავს დაესხნენ არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, აქტივისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ამავე თემაზე: