ახალი ამბები

„დროას“ განცხადებით, ზუგდიდში მათ წევრს თავს დაესხნენ

3 ივნისი, 2024 •
„დროას“ განცხადებით, ზუგდიდში მათ წევრს თავს დაესხნენ

პარტია „დროას“ განცხადებით, გუშინ, 2 ივნისს, ზუგდიდში მათ წევრ მარიამ სიჭინავას  მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ.

როგორც „დროაში“ აცხადებენ, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის!“ — ამბობენ პარტიაში.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი