რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და დსთ-ს საქმეების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ახსნა, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში.
ვოდოლაცკი ამბობს, რომ რუსეთში შესვლაზე გადაწყვეტილებაზე არა ამა თუ იმ „ხელისუფლებამ“, არამედ ხალხმა უნდა მიიღოს.
„ყველა საკითხი, რომელიც ეხება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთის შემადგენლობაში სურს შესვლა, წყდება საყოველთაო რეფერენდუმის დაფუძველზე. მხოლოდ ამ სახელმწიფოს ხალხს აქვს შეერთების გადაწყვეტილების მიღების უფლება, და არა ხელმძღვანელობას.
ასე რომ, თუ ჩატარდება საყოველთაო რეფერენდუმი, თუ ხალხი სურვილს გამოთქვამს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, შემდეგ დაიწყება ყველა საკონსტიტუციო ნორმის და სამართლის იურიდიული პროცედურა“, – ამბობს დეპუტატი.
ვოლოდაცკის განცხადების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში დე ფაქტომ ხელისუფლებამ წარსულში არაერთხელ ჩაატარა ე.წ. „რეფერენდუმები“, რომელთა შედეგებით, მოსახლეობამ, თითქოს, მხარი დაუჭირა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. კრემლის მხრიდან ამ რეფერენდუმებს რეაგირება არ მოჰყოლია.