საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვედრაზე უარი უთხრეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მთავრობის წარმომადგენლებმა.
საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაში არიან გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი სამივე პარტიის წარმომადგენელი.
ოპოზიციაში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
„გერმანიის პოზიცია კი გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების და ბუნდესტაგის (პარლამენტის) ერთობლივი პოზიცია იქნება, ამიტომ ბუნდესტაგის თითოეული წევრის ხმა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აი ეს ხალხი, ვინც რამდენიმე თვეში ხმა უნდა მისცეს გადაწყვეტილებას, ორი დღეა საქართველოშია და მთავრობა არ ხვდება, არ გვცალიაო, უთქვამთ. ერთი დეპუტატი შეხვდება „ოცნებიდან“ მარტო, – აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შალვა პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება. სამხარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით თავად შეხვდა ბუნდესტაგის წევრებს.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შალვა პაპუაშვილისთვის გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრაზე პრიორიტეტული ამომრჩეველთან შეხვედრაა.
„წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც გაირკვა, პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე იმყოფება. ცერემონიას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
თუმცა, მაგალითისთვის, 2 დღის წინ შალვა პაპუაშვილი პარლამენტში შეხვდა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს და მის თანმხლებ დელეგაციას.
მალაიზიის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. ნეტგაზეთი ცდილობს გაარკვიოს, შეხვდა თუ არა ვინმე საგარეო საქმეთა სამინისტროში ბუნდესტაგის წევრებსაც.
თუმცა საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრის პრაქტიკა არამხოლოდ პარლამენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის დონეზეც არსებობს. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის აპრილში შეხვედრა გამართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებთან.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან მისი შეხვედრა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არაა.
როგორც კობახიძე ამბობს, ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი დეპუტატი მიხაელ როთია, რომელიც დელეგაციაში საერთოდ არაა.
მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი, ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც როთი თბილისში იმყოფებოდა, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდა.