სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა “ქართული ოცნების” წევრი ერმილე გიგიაძე. შემთხვევა გუშინ, 4 სექტემბერს, პარტიის წყალტუბოს ოფისის წინ მოხდა.
“ქართული ოცნების” შტაბის წევრების ინფორმაციით, გიგიაძე შეუძლოდ იმ დროს გახდა, როცა პოლიტიკური შეხედულებების გამო კამათობდა როლანდ ნუცუბიძესთან.
“ქართულ ოცნების” ლიდერები ნუცუბიძეს “ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) წარმომადგენლად მოიხსენიებენ და მომხდარში მთელ პარტიას ადანაშაულებენ.
ენმ-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ნუცუბიძე პარტიის წევრი არ არის და “ოცნებას” 2012 წელს მომხდარ ბარბარე რაფალიანცის საქმეს ახსენებენ.
“ქართული ოცნების” წყალტუბოს საარჩევნო შტაბის წევრები პროსამთავრობო ტელევიზიებთან ჰყვებიან, რომ როლანდ ნუცუბიძე მათ ოფისთან მივიდა და პოლიტიკურ ნიადაგზე კამათი დაიწყო. მათი თქმით, ნუცუბიძე მათ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში მოსალოდნელი სიტუაციით.
თავად როლან ნუცუბიძე ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდა და გამოელაპარაკა იქ მყოფ ადამიანებს, უთხრა, რომ ახლა წინასაარჩევნო აგიტაციის დრო არ იყო და მიეხედათ ვენახისა და ყანისთვის. ნუცუბიძე ამბობს, რომ ამის თქმის შემდეგ 15-20 ადამიანი შემოეხვია გარს მას და მისი ოჯახის წევრ ქალს და დაიწო შელაპარაკება, რა დროსაც ერმილე გიგიაძე შეუძლოდ გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების შესახებ სხვა ინფორმაციას უწყება ამ დროისთვის არ ავრცელებს.
ამის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში მომხდარში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ერმილე გიგიაძის გარდაცვალების მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის სიძულვილის ენა” გახდა. მათი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებაში ზიზღს ახალისებს. ამის პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები პოლიტიკურ ოპონენტებს ფაშისტებს, რადიკალებს, მოძალადეებსა და მკვლელებს უწოდებენ, ხელაღებით ადანაშაულებენ მომხდარში, რომლის გამოძიება დასრულებული არ არის და უფრო მეტიც, იმუქრებიან, რომ ისინი საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უფრო შორსაც წავიდა, მომხდარის შეფასებისას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც ახსენა და მომხდარში, ოპოზიციასთან ერთად, ირიბად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაადანაშაულა.
“ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე. ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ”, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომხდარს “მთელი საზოგადოების მკაცრი შეფასება მოჰყვება”.
მომხდარს გამოეხმაურნენ უმრავლესობის დეპუტატები, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილიც და მამუკა მდინარაძე. მათ განცხადებებში გვხვდება ფრაზები – “ფაშისტური პოლიტიკა”, რადიკალიზმი, “ნაცური ბანდა”, “სისხლში გასვრილი ხელები”, ცილისწამება, პროპაგანდა ფსევდოლიბერალები და ა.შ. ამ ლექსიკით “ქართული ოცნების” ლიდერები ოპოზიციას ზიზღისა და სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
უფრო მეტიც, მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის მხრიდან პროპაგანდას “განვრცობა მოჰყვება საზოგადოებაში და ადამიანი შეიძლება ღირსების შელახვის გამო გულის შეტევით გარდაიცვალოს”, ამიტომ, “ცოტა უნდა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს”.
“ქართული ოცნების” ლიდერების ამ განცხადებების ფონზე, გუშინ გამოქვეყნდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიში წინასაარჩევნო ტენდენციების შესახებ. დოკუმენტში აღწერილია ხელისუფლების მხრიდან ოპონენტთა დაშინების მცდელობები, შეურაცხმყოფელი წარწერები ოფისებსა და სახლებზე, მუქარის შემცველი ზარების კამპანია, ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებსა და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებზე, ანტიდასავლური რიტორიკა და ა.შ. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ “ქართული ოცნების” რიტორიკა და ქმედებებია.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი კაპანაძემ გაიხსენა რაფალიანცის საქმე. მან “ქართული ოცნების” ბრალდებების “პოლიტიკური და მორალური ფსკერი” უწოდა.
“ვეკითხები ქართულ ოცნებას, ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია არ გეყოთ? არ გეყოთ ის, რომ ჩვილი ბავშვის გარდაცვალება პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენეთ? თქვენ ხართ პარტია, რომელმაც ჩვილი ბავშვის გარდაცვალების სპეკულაციით ნახეთ სარგებელი და შეცდომაში შეიყვანეთ საზოგადოება. ახლა კი, იმავეს აკეთებთ. ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობთ, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, შანსი აღარ გაქვთ”, – განაცხადა კაპანაძემ.
2012 წელს, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა საღამოს გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ქვევრში 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი იპოვეს. “ქართულმა ოცნებამ” მომხდარში მაშინაც ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. პარტიის მაშინდელი მაჟორიტარობის კანდიდატი, მანანა ბერიკაშვილი მკვლელობის ორგანიზებაში პირადად ადანაშაულებდა კონკურენტს “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ღვინიაშვილს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახლადდანიშულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის მიუხედავად, ბავშვის სიკვდილის ამბავი დღემდე გამოუძიებელია.