ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
„ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა“, — ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.
„ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტმა II მოსმენით მიიღო ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები