მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ბორჯომში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობს 155 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ადგილზე არიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები.
უწყების ცნობით, დილიდან პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენიც.
„რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ხანძარი ბორჯომში გუშინ, 3 სექტემბერს, გვიან ღამით გაჩნდა.