არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, აგრეთვე უარს ამბობს რუსული კანონის რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე და ამგვარად, საკუთარი თავის „უცხოეთის ინტერესების გამტარად“ გამოცხადებაზე.
3 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„ვინც ფიქრობს რომ ყველა იმ რეგიონისთვის კარგი საქმის გამო, რაშიც პირადად ჩვენი საუკეთესო წლები გავლიეთ, აგენტები ვართ, ვეუბნებით, რომ აგენტი მამაშენია.
26 წლის განმავლობაში, ჩვენთვის დემოკრატ მესხთა კავშირი იყო და იქნება იდეა, რწმენა და იმედი, იმედი იმისა, რომ ერთ დღეს ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, ევროპულ და თავისუფალ საქართველოში. გაუმარჯოს, ძლიერ ერთიან სამოქალაქო საზოგადოებას“.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოება.