მოძრაობა „დაიტოვე“ აცხადებს, რომ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადება არასწორია და ისინი პარტიასთან არ თანამშრომლობენ.
მოძრაობის წევრების განცხადებით, პარტიებთან საუბარი პროექტ „დაიცავის“ ფარგლებში მიმდინაროებდა, რომლის ინიციატორიც მათი გუნდის წევრი აღარ არის და „დაიტოვეც“ უკვე თვეზე მეტია გამიჯნულია „დაიცავის“ საქმიანობისგან:
„მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი დაიტოვე კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტი ”დაიცავი” რომლის ფარგლებშიც შედგა პარტიასთან რამდენიმე თვის წინ საუბარი, იყო ჩვენი ყოფილი გუნდის წევრის წამოწყება. ჩვენი გუნდი უკვე ერთ თვეზე მეტია რაც გამიჯნულია დაიცავისგან და ყველა ის წინასწარი მოლაპარაკება რაც ამ პროექტის ირგვლივ იყო, მათ შორის გირჩთან და სხვა პარტიებთან ნებისმიერი კოორდინაციაც, დაიტოვესთან არ არის და არასდროს იქნება არანაირ კავშირში“ — აცხადებენ მოძრაობის წევრები.
დღეს, 3 სექტემბერს საპარლამენტო პარტია „გირჩმა“ გაავრცელა განცხადება და განაცხადა, რომ ხმების დასაცავად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „დაიტოვესთან“ თანამშრომლობაზე შეთანხმდა:
„ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ჩვენ უკვე შევთანხმდით “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “დაიტოვე”-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები“ — აცხადებდნენ „გირჩში“.