„საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია დაბრუნდეს კონსოლიდირებული დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, — მიიჩნევს USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდერ სოკოლოვსკი.
მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც ქართულ დემოკრატიას აქვს, სოკოლოვსკის აზრით, სამართლიანი არჩევნების შემდეგ შესაძლებელია დიალოგი ახალ პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რასაც აშშ მხარს დაუჭერს.
„ცხადია, რომ ძალიან რთული პერიოდია ქართული დემოკრატიისთვის, რაც განპირობებულია უცხოური გავლენის კანონის მიღებით, დემოკრატიის უკანდახევაზე სხვა უამრავი მინიშნებით. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მსურს ჩამოვთვალო მთელი რიგი ძლიერი მხარეები, რომლებიც ჯერ კიდევ აქვს საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით“, — განაცხადა სოკოლოვსკიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე „გარდამტეხი წელი“.
მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებს ღრმა საფუძველი აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა დემოკრატიის ერთგულია; ქართველები თავს ევროპის ნაწილად ხედავენ და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა; ასევე, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანა მნიშვნელოვნად განვითარდა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სოკოლოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ჩაატარა არჩევნების სერია, რომელიც საერთაშორისო ჯგუფებმა დიდწილად თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნიეს, ასევე ორჯერ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. (იგულისხმა 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუცია და 2012 წელი).
მოკლევადიან პერსპექტივაში, სოკოლოვსკის თქმით, საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
„ახალმა პარლამენტმა და ახალმა მანდატებმა შეიძლება შექმნას ახალი დიალოგის შესაძლებლობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ვაღიარებ რეალური კეთილსინდისიერი მცდელობა ამ დიალოგისკენ, შესაძლოა, შორეული ჩანდეს და არ იყოს თვალსაჩინო, მაგრამ სანდო საარჩევნო პროცესი უფრო შესაძლებელს გახდის მას და რაღაც მომენტში ამ დიალოგამდე უნდა მივიდეთ. აშშ სიამოვნებით დაუჭერს მხარს ამ ტიპის დიალოგებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის“, — გაანცხადა სოკოლოვსკიმ.
სოკოლოვსკის თქმით, პოზიტიური დღის წესრიგის ქონა არ ნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს გამოწვევებს საქართველოს დემოკრატიის გზაზე. მიუღებელი უწოდა რიტორიკას ოპოზიციის აკრძალვაზე და თქვა, რომ აშშ-ს სურს ცვლილებები დემოკრატიზაციის მიმართულებით და არა სტატუს-კვოს შენარჩუნება.