კახეთის ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ (MCK) დაარსებიდან 23 წლის თავზე რუსული კანონის გამო არსებობას წყვეტს.
ორგანიზაცია 23 წლის 3 სექტემბერს გახდა. 2002 წლიდან მუშაობს კახეთის რეგიონში და მისი მიზანი ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა იყო.
„ორგანიზაციამ 23 წლის მანძილზე ასეულობით თემატური ტრენინგი, სასწავლო და გადამზადების პროგრამები განახორციელა, 50 ზე მეტი მცირე საგრანტო პროგრამა დააფინანსა, ჩაატარა ახალგაზრდული ბანაკები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, საინფორმაციო შეხვედრები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ათეულობით პოდკასტი და გადაცემები, რომელთა ფარგლებში ჩვენი სერვისები 300.000 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და არაერთმა მათგანმა საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეძლო.
ჩვენი არსებობის 23 -ე წელს კი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური და უსამართლო კანონის: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეგისტრაციაზე უარით ხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებები არ განხორციელდება, ორგანიზაცია არსებული ფორმით შეწყვეტს საქმიანობას“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გუნდი ორგანიზაციული თუ ინდივიდუალური ფორმით ყველაფერს გააკეთებს, რომ განაგრძოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგომა და ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენ გვჯერა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის, ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლის ძალის და იმ მხარდაჭერის, რასაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა ავლენს საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე!“ — ამბობენ ორგანიზაციაში.