ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, მასზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნო

2 სექტემბერი, 2024 •
ელისაშვილის თქმით, მასზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პოლიციელი ამოიცნო

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ამოიცნო ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც მასზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანია.

ელისაშვილის თქმით, პოლიციელი, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაღებული კადრებიდან ამოიცნო, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ზაქრო ჩოხელია, რომელიც ამჟამად კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანია:

„7 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 15-20 პოლიციელი თავს დამესხა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამის შემდეგ დაიწყო წელათრეული გამოძიება და მეხუთე თვეა იძახიან, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა ვერაფრით დაადგინეს. არადა არსებობს ტვ პირველის ექსკლუზიური კადრები, სადაც სახეზე ჩანს არაერთი პოლიციელი“ — აცხადებს ელისაშვილი.

„ნეტგაზეთმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარი მათგან არ გაკეთდება, შსს-ში კი გვითხრეს, რომ თუ კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტენ, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგვიგზავნიან.

დეპუტატის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საგამოძიებო სამსახურის მხრიდან არ იყო გადადგმული, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის თქმით, სახეები კადრებში კარგად ჩანს. რეხვიაშვილი აცხადებს, რომ შსს  საგამოძიებო სამსახურს მიმოწერაში ეუბნებოდა, რომ აღნიშნულ პოლიციელებზე არ ჰქონდათ ინფორმაცია.

საქმე ეხება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დაპირისპირებას 17 აპრილს, რის შემდეგაც დეპუტატი პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ელისაშვილი ამბობს, რომ პირადად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დავალებით სცემა რამდენიმე პოლიციელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი