სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ცხინვალის ე.წ. საზღვარი დაარღვია, ჯარიმების გარეშე გაათავისუფლეს.
“2024 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბაძაღუა ანი , სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლების თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ლენინგორის (ახალგორის) რაიონის სოფელ ამძარინის მიმდებარედ დააკავეს,” – განაცხადეს დეპარტამენტში [დე ფაქტო].
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა აღნიშნა, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც მისი ქართული მხარისთვის ჯარიმების გარეშე გადაცემა გადაწყდა.
ცხინვალის [დე ფაქტო] სასამართლომ გამყოფ ხაზზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, რამაზ ბეღელურს 8- თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახლობლების თქმით, ის უკვე მეხუთედ დააკავეს
2021 წლის დასაწყისში ორი თვე მან ცხინვალის იზოლატორში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ ბეღელურმა განაცხადა, რომ პატიმრობის პერიოდში მასზე ფიზიკურად იძალადეს.
დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბეღელურს ეპილეფსია აქვს. ხოლო ბოლო დაკავების შემდეგ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბეღელურის გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენება. კერძოდ, ეს საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრის დღის წესრიგში დადგება, რომელიც დღეს, 23 ივლისს არის დაგეგმილი.
ამ დროისთვის ცხინვალში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება პატიმრობაში.