ახალი ამბები

არ ვრეგისტრირდებით, არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად – „სისხლის უანგარო დონორები“

1 სექტემბერი, 2024 •
არ ვრეგისტრირდებით, არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად – „სისხლის უანგარო დონორები“

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორები“ აცხადებს, რომ რუსული კანონის ფარგებლში შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან.

„2024 წლის პირველი სექტემბრიდან ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში ამ წლის 26 ოქტომბრამდე. მერე ვნახოთ.

კერძოდ, ყველა პოსტს ექნება განცხადება, ტექსტით, რომ „სისხლის უანაგრო დონორები“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას! რუსული კანონი გააქრობს სამოქლაქო სექტორს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა. როცა დახმარება დაგჭირდებათ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენ გვერდში დაგიდგებათ“, – ნათქვამია „სისხლის უანგარო დონორების“ განცხადებაში.

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორების“ განცხადებით, თავიანთ ხმას გამოიყენებენ ცვლილებებისთვის.

„გადაწყვეტილება კი უცვლელია, არ ვრეგისტრირდებით. ჩვენ არ ვთვლით თავს უცხო ქვეყნის აგენტებად. თითოეული დღე და წუთი ჩვენი მხრიდან ქვეყნის და თანამოქალაქეების კეთილდღეობას ეთმობა.

ვინაიდან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან, ვაგრძელებთ ისეთივე უკომპრომისო ბრძოლას კანონის წინააღმდეგ, როგორ შეუდრეკელადაც სიცოცხლის სადარაჯოზე ვეპოტინებით სრულიად უცხო ადამიანების თითოეულ წუთს ჩვენ გვერდზე.

გვჯერა, ეს დრო და ენერგია უნდა იხარჯებოდეს ევროპული ხარისხის ჯანდაცვის შენებაზე და ისეთი ქვეყნის მოწყობაზე, სადაც პაციენტის ოჯახის წევრს სისხლის პაკეტის სოციალური მედიით ძებნა არ მოუწევს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე გავაგრძელებთ საქმიანობას ზუსტად ისე, როგორც ადრე – სრულად მოხალისეობრივად, იმის იმედით, რომ ის საზოგადოება რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხართ და მხარს გვიჭერთ, ანალოგიურად გამოიყენებთ თქვენს ხმას – ცვლილებებისთვის.

სხვა გზა არ გვაქვს – გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არაერთხელ გვინახავს, იმედაგაწურული პაციენტის ოჯახები, რომლების ცხოვრებაც სასიკეთოდ შემოტრიალებულა“, – ნათქვამია „სისხლის უანგარო დონორების“ განცხადებაში.


რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

ორგანიზაციებს, რომელთაც რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს, შეუძლიათ, რომ რეესტრში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და  25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი