საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, ქრისტინე კუპრავა ამბობს, რომ სიტყვა „უცხო“ ნეიტრალური ხასიათისაა, ვინაიდან ფრაზები „რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა“ ხშირად გვესმის და სიტყვის გამოყენება აპრიორი დადებით ან უარყოფით მნიშვნელობას არ გულისხმობს.
„როდესაც გამოდიოდა [მოსარჩლეთა] წარმომადგენელი, [იგი] ამბობდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. ანუ, უცხო? რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი, თუ უარყოფითი? ეს ფრაზაც კი ადასტურებს იმას, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვა რომელიმე მნიშვნელობის მატარებელი არაა და არის ნეიტრალური… [..] მაგალითად, ხშირად გავიგონებთ ხოლმე, რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა [..] როდესაც ვამბობთ უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა ან უცხოური განათლება, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ“, – მიიჩნევს ქრისტინე კუპრავა, პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოში.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ლევან ღავთაძე ამბობს, რომ აგენტებზე რუსული კანონის ტერმინოლოგია, კერძოდ – „უცხოური ძალა“, ვერ იქნება სტიგმატიზაციის გამომწვევი.
მისი მტკიცებით, არსებობს მხოლოდ ან ქართული, ან უცხოური [ძალა], შედეგად კი, „უცხო“ არის ფაქტი, და შესაბამისად, ვერც სტიგმატიზაციას გამოიწვევს.
„იწყება სტიგმატიზაციიდან, შემდგომ მოყვება არგუმენტი, რომ აეკრძალებათ საქმიანობა, ვერ მიიღებენ დაფინანსებას და ეს სამი ძირითადი არგუმენტია. თუმცა, საფუძველი არის სტიგმატიზაცია. ამით იწყება საკითხი. [..]
პირველ რიგში, სტიგმატიზაცია რომ დადგინდეს, უნდა დავსვათ საკითხი, ფაქტის კონსტატაცია შეიძლება იყოს თუ არა სტიგმატიზაციის გამომწვევი. წარმოგიდგინეთ ჩვენი პო ზიცია – უცხო არ არსებობს, ან არის ქართული, ან არის უცხოური. სხვა არ არსებობს. უცხო, ცალკე აღებული, არის ფაქტი, და ფაქტი ვერ გახდება სტიგმატიზაციის გამომწვევი.
უცხოური ძალაც ანალოგიურად, ნებისმიერ სუბიექტს აქვს გარკვეული საქმიანობა და ეს არის ძალა. უცხოური ძალა, შიდა ძალა – ეს ჩვეულებრივი ტერმინია და ვერ გახდება, ვერავითარ შემთხვევაში, სტიგმატიზაციის გამომწვევი. ინტერესის გატარებაც არის ფაქტის კონსტატაცია. როდესაც იღებ თანხას, ატარებ გარკვეულ ინტერესს“, – ამბობს ღავთაძე.
მისივე თქმით, სიტყვა „უცხო“, საერთოდ, ნეიტრალური ხასიათისაა.
ასევე, ლევან ღავთაძის თქმით, „უცხოური ინტერესების გამტართა“ რეესტრი არათუ სტიგმატიზაციას ეწევა, არამედ იცავს ორგანიზაციებს, რომლებსაც მასში დაარეგისტრირებენ.
დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის განხილვა დაიწყო. მოსამართლეებმა მოისმინეს 4 მოსარჩელის წარმომადგენელთა მოხსენება. ესენი არიან: არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია და ორი მედიაორგანიზაცია – “მთის ამბები” და “მონიტორი”.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იქნებიან. “მთის ამბებისა” და “მონიტორის” სარჩელი ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, წარადგინა.
მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია. გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე.