ახალი ამბები

ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ახალგაზრდობას – პრეზიდენტი

27 აგვისტო, 2024 •
ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ახალგაზრდობას – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ომს უცხადებს საკუთარ ხალხს. ასე შეაფასა მან ივანიშვილის გამოსვლა 29 აპრილს – მაშინ, როცა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს “ქართულმა ოცნებამ” კონტრაქცია მოუწყო, რისთვისაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანა.

“29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას, პატრიოტებს ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა.

მაშინ უპირობოდ დავდექით ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე: ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნება წარსულში, ჩაზილვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითი დღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია რუსულ დაუნდობლობასა და ქართულ, საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ თემაზე, ასევე, წაიკითხეთ: ივანიშვილის ანტიდასავლური გზავნილები კონტრაქციაზე

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურად გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანია. ის ტყუილს უწოდებს “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკის მთავარ ხაზს – თითქოს, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის კეთდება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ომის არავის არ უნდა. ამისთვის კი აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ თავისი სათქმელი არჩევნებზე თქვას.

“დღეს ჩვენ საქმე არა გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან უფრო ახლოს. არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს. მე, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი სათქმელი. ჩვეულებრივი არჩევნები რომ იყოს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონკურენცია არ მექნებოდა ეს სათქმელი:

უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება. არასდროს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება და ერთმანეთში აღრევა კი ზრდის მტრის მადას. ანუ, ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოებისა. სიმართლეა ის, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის – და მე ამას ვამბობ პირველი დღიდან, – რეფერენდუმის ტოლფასი: ევროპა თუ რუსეთი.

გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი – ვინ ვართ, რანი ვართ, სად მივდივართ და რა გვინდა: წარსული თუ წინსვლა; თავისუფლება თუ მონობა; დიქტატურა თუ დემოკრატია; ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება; იდენტობის დაცვა და გაძლიერება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი; ღირსება თუ უპრინციპობა; ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობ, სხვისი აუტანლობა; დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია – ხილული იქნება ეს, თუ უხილავი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გახდნენ სტუდენტები.

“მათი მომავალი იწყება იმ დროს, როცა ქვეყნისთვისაც იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი. მე მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ნიჭი, თქვენი ცოდნა გამოიყენოთ ახალი საქართველოსთვის”, – ასე მიმართა მან ახალგაზრდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი