ფონიჭალაში, ნარიმან მაქარაშვილის [ბერი ნიკოლოზი] მრევლის წევრი ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და თუ ამას ბრალდების მხარე არ მოითხოვს, აღნიშნულის შუამდგომლობას თავად დაცვის მხარე დააყენებს.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ცივი იარაღით ადამიანებს ჭრილობები მან მიაყენა, თუმცა მიზანმიმართულად ვინმეს მოკვლა განზრახული არ ჰქონია:
„განზრახვა არ მქონია იმის, რომ კონკრეტულად მივსულიყავი ამ ორ პირთან და რამე დამეშავებინა. დილის საათებში რაღაც ხმა ჩამესმა, რომ დაზიანებას აპირებდნენ ჩემზე, ჩემს მოკვლას აპირებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე მივსულიყავი რომ შემეშინებინა. იმ მომენტში თვალებში დამიბნელდა, ვეღარ მოვთოკე ნერვები და გავიქნიე დანა უმისამართოდ და ამ დროს მოხვდა, გამიზნულად არ მქონია ჩამერტყა და მომეკლა ვინმე,“ — თქვა ბრალდებულმა სასამართლოში.
განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინა:
„ბრალდებულისთვის მიუღებელი იყო გარკვეული ქცევა დაზარალებულის, გარკვეული კონკრეტული ქცევა რის გამოც მან გადაწყვიტა დაესაჯა დაზარალებული. შურისძიების მოტივი იყო სწორედ ეს,“ — ამბობს პროკურორი.
თუ სასამართლო დაასკვნის, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო, მას ციხის ნაცვლად შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შემთხვევა ზემო ფონიჭალაში 24 აგვისტოს მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დაკავებულმა ორ ადამიანს ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები.
თვითმხილველები მედიასთან აცხადებდნენ, რომ აღნიშნული იმ სადარბაზოში მოხდა, სადაც ნარიმან მაქარაშვილი (ბერი ნიკოლოზი) ცხოვრობს, დაზარალებულები კი მისი მრევლის წევრები არიან.