ახალი ამბები

ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში „ოცნების“ კოორდინატორებს ატრენინგებდნენ – საკრებულოს წევრი

1 ოქტომბერი, 2021 • 711
ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში „ოცნების“ კოორდინატორებს ატრენინგებდნენ – საკრებულოს წევრი

თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ტრენინგს უტარებდნენ საარჩევნო დღეს მუშაობასთან დაკავშირებით.

ჩხეტიანის შეფასებით, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და, შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

კადრებში, რომლებიც ლიპარტელიანიმა პირველ ოქტომბერს, პირველი საათისთვის გამოაქვეყნა ფეისბუკზე, ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთ-ერთი ოთახში სხედან და უსმენენ ტრენერს, რომელიც ამბობს:

„ახლა რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ უკვე ვმუშაობთ ამ პრინციპით: უბანზე ხომ გვყავს ორი ადამიანი, რომელიც მუშაობდა აგიტაციის პერიოდში. ერთი ადამიანი, ანუ ერთი უბნის უფროსი, აქვს ამ უფროსს სია, და რეკავს, ასე ვთქვათ, მხარდამჭერებთან.

მეორე უბნის უფროსის ფუნქცია იქნება, იყოს ველზე და იყოს კონტაქტზე იმ უბნის უფროსთან, ვინც რეკავს. იმიტომ, რომ იმ მხარდამჭერებთან, ვისთანაც კონტაქტზე ვერ გავდივართ, ამ მონაცემებს უბანზე მყოფი აწვდის მეწყვილეს, ვინც არის ველზე და ის უშუალოდ მისამართზე მიდის“.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ლიპარტელიანი ამბობს, რომ აღნიშნული „ტრენინგი“ ჩატარდა ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა და „არის ყველასთვის და არა რომელიმე პარტიის“.

„სანამ შევიდოდი, გადავიღე, რა ტრენინგსაც ატარებდნენ იმ მუნიციპალურ დაწესებულებაში და ვინ ჰყავდათ მიყვანილი. აქამდე ხომ უბნის ერთი უფროსი ჰყავდათ, და ახლა, როგორც ჩანს, ორ-ორი ჰყავთ. ქართული ოცნების ახალგაზრდულის უბნის უფროსები არიან ესენი და დამხმარეები.

და ეს პირი უტარებდა ტრენინგს, როგორ უნდა ემუშავათ, ვინ მიდის უშუალოდ ამომრჩეველთან და ა.შ. რაც მთავარია, ეს ბავშვები ხვალ დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან, რეალურად კი აგიტატორები არიან“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

ლიპარტელიანის გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ტრენერი არ პასუხობს მის კითხვას, თუ ვინ არის, და საკრებულოს წევრს ეუბნება: „ახალგაზრდების შეკრება იკრძალება ახალგაზრდულ ცენტრში?”

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და აქ პარტიული ტრენინგი არ უნდა ტარდებოდეს“, – ეუბნება მას საკრებულოს წევრი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრს მითითებულ ნომერზე, სადაც გვითხრეს:

„შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან, რომლებსაც ვუხსნით, რა უნდა ვისწავლოთ. გვაქვს ინგლისურის, ჭადრაკის, ხელნაკეთი ნივთების, კომპიუტერის შესწავლა. ვასწავლით ამას და ავუხსენით, რომელ დღეებშია. ინგლისურის ტესტირება ჰქონდა ზოგიერთს. ორშაბათს ვიწყებთ სწავლას… ყოველდღე ასეთი ამბავია, სტუდენტების მიღება გვაქვს და გვაქვს საუბრები“.

ამის შემდეგ რესპონდენტმა ტელეფონი გათიშა და „ნეტგაზეთის“ ზარებს აღარ პასუხობს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა თბილისის მერიას ამ თემაზე კომენტარის მისაღებად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი