ახალი ამბები

კაცს, რომელიც უსახლკარო ძაღლებს უვლის, თვითონაც სჭირდება დახმარება

1 დეკემბერი, 2020 • 3374
კაცს, რომელიც უსახლკარო ძაღლებს უვლის, თვითონაც სჭირდება დახმარება

41 წლის პავლე (პაველ) ჯურაევს, რომელიც წლებია, ქუჩის ძაღლებს გაჭირვებით უვლის და კვებავს, პანდემიამ ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაურთულა.

ახლა მას სულ უფრო მეტად უჭირს არა მხოლოდ ცხოველებზე, არამედ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვა.

სოციალურად დაუცველ დეიდას პავლეს გარდა მომვლელი აღარავინ ჰყავს, არ აქვთ გათბობა და წუხს, რადგან დეიდისთვის უფასო საკვების მოსატანად ვეღარც ფონიჭალიდან თბილისისკენ მგზავრობას ახერხებს.

ძაღლები

„გამარჯობა. მე მქვია პაველ ჯურაევი. ვეხმარები უსახლკარო ცხოველებს. ჩემი მზრუნველობის ქვეშ 100-ზე მეტი ძაღლი და კატაა“.

„მათ ყოველდღიურად სჭირდებათ საკვები, დახმარება და მკურნალობა. ეს ჯგუფი მათთვისაა, ვისაც მათი დახმარება შეუძლია და სურს“.

ასეთია აღწერა პავლეს (იგივე პაველის) ფეისბუკ-ჯგუფისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ შექმნა. ჯგუფში უსახლკარო ცხოველების ასობით ფოტოსა და ვიდეოს ნახავთ.

დახმარების სახით იღებს ყველაფერს, რაც ამ საქმისთვის გამოადგება: „კორმს“, ანუ ძაღლების სპეციალურ საკვებს, პურს, ძვლებს, ხორცს, ფინანსურ დახმარებას და ა.შ.

გვეუბნება, რომ განათლებით ვეტექიმია, თუმცა სამუშაო პრაქტიკა არ აქვს და 11 წელია, ამ საქმეს აკეთებს.

„დილის 5 საათზე უკვე ფეხზე ვარ იმიტომ, რომ რამდენიმე ადგილას უნდა მივიდე. ყველგან სხვადასხვა ძაღლი მხვდება“.

ფონიჭალაში, ერთ-ერთ სკვერში შეხვედრისას, ათობით საბუთს გვაჩვენებს. ამ დოკუმენტებით ადასტურებს, რომ ეს ძაღლები მიკედლებული ჰყავს და მონიტორინგის სამსახურს მიკედლებული ძაღლები თავშესაფარში არ გადაჰყავს.

„მე ძალიან მიყვარს ცხოველები. ადამიანებიც, მაგრამ ადამიანმა კიდევ შეიძლება თავის თავს უშველოს როგორმე, ესენი კი ვერაფერს იზამენ“.

ოჯახი

მოწოდებით ცხოველების ქომაგს სხვა მძიმე ტვირთიც აწევს: დედასა და დეიდაზე მზრუნველობა. დედა მოშორებით ცხოვრობს, თვითონ კი ავადმყოფ დეიდასთან ცხოვრობს ფონიჭალაში.

როგორც გვიამბობს, დეიდამისი პენსიონერია, 76 წლისაა, 4 წლის წინ გაიკეთა ფეხზე ოპერაცია, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო:

„ფეხი სტკივა ძალიან, საოპერაციოა. უჭირს გადაადგილება, ძლივს, ცოტ-ცოტა დადის სამზარეულოდან საძინებლამდე“.

ამბობს, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო დეიდის პენსიაა, რისი წყალობითაც პროდუქტებს ყიდულობს ხოლმე. „ან რაღაცებს გვჩუქნიან ხოლმე, გვეხმარებიან“.

„სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, მაგრამ ფულადი დახმარება და სამგზავრო ბარათი არ ეკუთვნის. ეკუთვნის მხოლოდ უფასო სასადილო“.

თუმცა სასადილოში მიღებული საკვები „გინდა ყოფილა, გინდა არა“: „აი, გუშინ, საშინელი საკვები იყო. უფრო სწორად, მარტო წვენი. ეგ არაფერი არ არის“.

„მე უკვე რამდენი ხანია ვამბობ, საშინელება არის-მეთქი. იძახიან, „კარგია, კარგია“. რა არის კარგი? თვითონ შეჭამენ ამ საჭმელს? თავიანთ ბავშვებს ამას აჭმევენ“?

თბილისში დღეისთვის 60-ზე მეტი უფასო სასადილო ფუნქციონირებს სახელმწიფო დაფინანსებით, სადაც 40 ათასზე მეტი ბენეფიციარი იღებს დახმარებას.

პანდემიის შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ბენეფიციარებს საკვებს სახლში ატანენ, რათა ხალმხმრავლობები თავიდან აიცილონ.

სასადილო.უფასო სასადილო

პავლე გვიამბობს, რომ ზაფხულში პირველი ლოკდაუნი, ასე თუ ისე, გადაიტანეს, თუმცა ზამთარში ყველა პრობლემას სიცივეც დაემატა.

ამბობს, რომ დეიდას ბოთლებში ცხელ წყალს უსხამს და ასე ათბობს, თვითონ კი თბილი ქურთუკი აცვია და ასე თბება.

ტრანსპორტი

როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდი თუ დაწესებულება ეხმარებოდა საკვებით.

თუმცა ეს ადგილები, მუნიციპალური სასადილოსგან განსხვავებით, ფონიჭალაში არ არის. ამიტომ სჭირდება გადაადგილება.

ნოემბრის ბოლოს კი გართულებული პანდემიის გამო ახალი, ნაწილობრივი ლოკდაუნის დროს, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა.

„ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად დავდიოდი საპატრიარქოში, რომ ამეღო სუპი, ანაკომი და ნახევარი პური. და ახლა არა მაქვს საშუალება“.

დედაქალაქში გადაადგილება ახლა მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი მანქანითაა დაშვებული.

„აბა, საიდან? ტაქსის ფული რომ მქონდეს, [საკვებს] ხომ ვიყიდი ჩემით“…

ამბობს, რომ დეიდამისს სჭირდება მედიკამენტი ნუროფენი, რომელიც დაახლოებით 6 ლარი ღირს, ერთი კოლოფი კი 3 დღე ჰყოფნის, .

ფულადი დახმარების პაკეტს მიღმა

კვლავ გვეუბნება, რომ ზაფხულში ჩაკეტვის პერიოდი რთულად გადაიტანა, თუმცა მაშინ კარგი ამინდები იყო და ფეხით ბევრს დადიოდა. ახლა კი ზამთარია.

მანამდეც უმუშევრობის გამო არცერთი ფულადი სახელმწიფო დახმარების პროგრამა არ შეხებია, რაც ზაფხულში იყო პანდემიის ფონზე ხელმისაწვდომი.

ამბობს, რომ არც გაზრდილი სოციალური პაკეტი მიუღიათ, რეალურად კი, უნდა ეკუთვნოდეთ ფულადი დახმარებაც:

„შარშან მოვიდა სოციალური აგენტი დეიდაჩემთან. ახალგაზრდა იყო. ვუთხარი, დეიდაჩემს დახმარება არ ეკუთვნის? არაო. რატომ მეთქი, ქალბატონო? იმიტომ, რომ შესაბამისი სტატუსი არ აქვსო. მეტი რაღა სტატუსი უნდა, რა მდგომარეობაში აქვს ფეხები, ვერ ხედავთ-მეთქი? და მიპასუხა, რომ ან ეტლში უნდა იჯდეს, ან სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდესო. ეს რა საშინელებაა?!“

„ეს ბინა, სადაც ვართ, დეიდის ქმარი მუშაობდა ქარხანაში საბჭოთა კავშირის დროს, მას მისცეს მაშინ. გვითხრეს, პარკეტი არის ბინაშიო. არადა, კარი რაც გვაქვს, ერთი ძალიან კარგი ქალია, მაგან მაჩუქა, — ისეთი ცუდი კარი მქონდა, ციოდა. ბინაში არ იყო მაცივარი და პატარა მაცივარი მაჩუქა. და ეგრე ვცხოვრობთ“.


დახმარების მსურველთათვის: შეგიძლიათ, გადაურიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი

GE53BG0000000813961000

მიმღები: პავლე ჯურაევი

მასალების გადაბეჭდვის წესი