ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“ ედავება და 5 სამუშაო დღეს აძლევს ფინანსური ანგარიშების წარსადგენად.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთია იმ ძალებს შორის, რომელიც „ლელოს“ გარშემო შექმნილ კოალიციაში „ძლიერ საქართველოშია“ გაწევრიანებული.
დღეს 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „თავისუფლების მოედანი“, პოლიტიკურ საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით აწარმოებს და აცხადებს, რომ „არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა“.
ანტიკორუფციულში ამბობენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული, აღნიშნული კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
გამომდინარე აქედან, ანტიკორუფციული მიიჩნევს, რომ ლევან ცუცქირიძის მიერ საზოგადოების წინაშე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში არსებობს ა(ა)იპ თავისუფლების მოედანი-საქართველოს საარჩევნო მიზნები და ამ მიზნის მისაღწევად იყენებს შესაბამის ფინანსური და მატერიალურ რესურსებს:
„ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ა(ა)იპ თავისუფლების მოედანი-საქართველო, მისი დამფუძნებელი ორგანიზაცია – ა(ა)იპ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარე და დირექტორი ლევან ცუცქირიძე, კანონით დადგენილი გამჭვირვალობის ვალდებულების გვერდის ავლით, საარჩევნო მიზნებისთვის ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას და ამისთვის შესაბამის ფინანსურ რესურსებს იყენებენ, რასაც ადასტურებს მათ მიერ განხორციელებულ აქტივობათა მასშტაბები“ — ნათქვამია დოკუმენტში.
ახლა, დოკუმენტის მიხედვით, „თავისუფლების მოედანს“ და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ 5 სამუშაო დღე აქვს, რათა შეავსოს და ანტიკორუფციულ ბიუროში წარმოადგინოს ფინანსური დეკლარაციები. ამასთან, ორივე ორგანიზაციას და ლევან ცუცქირიძეს დაევალათ 4 სამუშაო დღის ვადაში გახსნან და ბიუროს წარუდგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.
საპასუხოდ, ანტიკორუფციული ბიუროს აღნიშნულ ბრალდებებს სამარცხვინოს უწოდებს მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ და აცხადებს, რომ ბიურო „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებს.
„რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე. ქართული ოცნების თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის.ჩვენი მოძრაობა შედგება საზოგადოების ცნობილი წევრებისგან – ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას,“ — აცხადებენ მოძრაობის წევრები.
„თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი წევრები სარგებლობენ მაღალი სანდოობით საზოგადოებაში და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან.
მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა მათ მოძრაობაზე, არამედ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ისინი ვიცავთ:
„სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების.
საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ მცდელობას გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ — აცხადებენ მოძრაობაში.