სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.
უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცოლზე ეჭვიანობდა, მის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, განქორწინების შემდეგ კი, 2024 წლის 24 ივლისს ღამის საათებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზაზე ყოფილ ცოლს ავტომობილით დაედევნა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.
ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი დაკავებული იქნა“ ,— აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.